0
22.05.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ბაჯიხევში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა, რის შედეგადაც დაზიანდა ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სოფელ ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით ჩაწყვეტილია საავტომობილო გზის დაახლოებით 100 მეტრიანი მონაკვეთი, დაზიანებულია რკინა-ბეტონის საფარი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით აკრძალულია.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფ. ჩორდი-ბაჯიხევის ალტერნატიული შემოვლითი გზით.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ სოფელ ბაჯიხევის მოსახლეობას და მათთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
