44
11.11.2021წ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 18-27 სექტემბერს მთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრმა განახორციელა პროექტი – „ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია“.
პროექტის ფარგლებში ზედაპირული არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები ჩატარდა ონის მუნიციპალიტეტში, მდინარეების რიონის, ჯეჯორას, ჭანჭახისა და საკაურას ხეობებში.
მუშაობის პროცესში ხდებოდა წინასწარ შერჩეული და აგრეთვე, ახლად გამოვლენილი ლოკაციების მონახულება და ზედაპირული შემოწმება (ძირითადად სტრატიგრაფიული ჭრილებისა, რომლებიც სტიქიის შედეგად გაშიშვლებული იყო და ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა არქეოლოგთათვის) არქეოლოგიური ძეგლების გამოსავლენად, მათი აღწერა, GPS კოორდინატების აღება და ფოტო-ფიქსაცია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა 4 სავარაუდო ლოკაცია, სადაც არქეოლოგიური ძეგლის არსებობაა მოსალოდნელი.