5
27.02.2024წ.
ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები იწყება.
26 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, ქ.ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა“-ს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც ზემოხსენებული პროექტის შესახებ მოკლე პრეზენტაცია გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ ქ.ონში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და საჭიროებს განახლებას.
2024 წლის მარტის დასაწყისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია “საბა“ ქ.ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობების მოდერნიზება, წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. დამატებით მოეწყობა, 10კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2025 წლის I კვარტალში იგეგმება, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება, რის შემდეგაც ქ.ონის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზემო იმერეთისა და რაჭის რეგიონული ფილიალის უფროსი მამუკა ქვათაძე, ონის სერვის ცენტრის მენეჯერი – ავთანდილ გავაშელი, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე.