შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

20.11.2021წ.

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ლიცენზიატი კომპანიის – შპს „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კომპანიის ინიციატივაა, რომ შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს აღებული ვალდებულების შესრულებას, მათ შორის გარემოსდაცვით საკითხებს, რეკულტივაციის უზრუნველყოფას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ა.შ.
„ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა ვალდებულება, რაზეც მოსახლეობასთან შეთანხმდებიან, მემორანდუმში გაიწეროს და მისი ყოველი პუნქტი მკაცრად გაკონტროლდეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რასაც ლიცენზიანტი კომპანია მოსახლეობის წინაშე დებს, არის ის, რომ ადგილზე არ აშენდება გამამდიდრებელი ფაბრიკა, რათა არ დაბინძურდეს არსებული წყლები, კომპანია ასევე აცხადებს, რომ მანგანუმის მოპოვების არეალში, ყოველი ორასი მეტრის ფართობის დამუშავების მერე მოხდება მიწის რეკულტივაცია, ის დაუბრუნდება თავდაპირველ სახეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება მომდევნო ორასი მეტრის ფართობიდან წიაღისეულის მოპოვება და კვლავ მიწის რეკულტივაცია.
მათივე ინფორმაციით, კომპანიაში ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, მათთვის კიდევ იქმნება სხვა, დამატებითი სამუშაო ადგილებიც, მათ შორის, ფერმებსა და საკალმახეებში, რომელთა შექმნასაც კომპანია აპირებს. როგორც „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, არ ეწინააღმდეგება შქმერში მანგანუმის მოპოვებას, თუმცა, არსებობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არასაკმარის არგუმენტებით აპროტესტებენ მათ საქმიანობას.
შქმერში გამართული შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კვლავ გაიმართოს მხარეებს შორის დისკუსია და უფრო დეტალურად განიხილონ აღნიშნული საკითხები.
მოსახლეობასთან შეხვედრას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მზად არის მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობისათვის, რათა უპირველეს ყოვლისა მიაწოდონ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია და დაიცვან მათი ინტერესები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრებ მოსახლეობას

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით- კონკურსი გამოცხადდა

25 აპრილს, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად განხორციელდა კამპანია -“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე