0
25.03.2026წ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული გენ გეგმები, რომლებიც მოძველებულია და საჭიროებს განახლებას, ასევე იმსჯელეს საბაზისო თემატური გეგმების შემუშავების საკითხზე.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გეგმების შედგენის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა, მათი მხრიდან არსებული საჭიროებების სწორად განსაზღვრა და პრობლემების იდენტიფიცირება.
აღინიშნა, რომ გეგმარების პროცესი გაითვალისწინებს და შეაჯერებს მთიან რეგიონში არსებულ ინტერესებს, კულტურული და ლანდშაფტური მემკვიდრეობის, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილების ფაქტორებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები, კვლავ, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა სწორად შემუშავდეს ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ცალკეული მუნიციპალიტეტებისა და შემდგომში რეგიონის სწორად და სრულფასოვნად განვითარებას.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მოადგილე სოფო მაისურაძე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მუნიციპალიტეტების მერები/ აღნიშნული სფეროს კურატორი მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
