ონის მუნიციპალიტეტში , სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა მიმდინარეობს

04.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში , სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა მიმდინარეობს.

სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 25 კაციანი ჯგუფი. ქალაქ ონში, წმენდით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფები.

დასრულების ეტაპზეა სტიქიის შედეგად დაზიანებული ონის წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები.

რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, გადაადგილება აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად კი, სამუშაოები გრძელდება. ამ მონაკვეთის გადალახვის შემდეგ, მძიმე ტექნიკა გზის მომდევნო დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე იმუშავებს.
სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაოები გრძელდება სოფელ ხიდეშლებთან და სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზებზე. სოფელ ღარში კი, დაიწყო მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა კოორდინირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებმა სოფელ ღებიდან, გლოლადან და ჭიორადან დღეს 100-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს.
სულ, 29 ივლისიდან დღემდე, სტიქიის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 562 ადამიანის, აქედან 122 ბავშვის გადმოყვანა გახდა შესაძლებელი.
სოფლის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ვერტმფრენებით უწყვეტად აწვდიან სურსათს და საჭირო ნივთებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობით ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობისათვის საჭირო დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობას აგრძელებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Related posts

მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა.

ქალაქ ონის შოთა ბუგიანიშვილის სახელობის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა