4
26.01.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის და რწმუნებულის პირველი მოადგილის- ქრისტინა კობახიძის ხელმძღვანელობით გაფართოებული სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამსახურის უფროსები და ააიპების და შეპესეების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასული წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტს, გასულ წელს, ინფრასტრუქტურული კუთხით კარგი ათვისება ჰქონდა, რაც ძირითადად მოიცავდა საგზაო, სახიდე გადასასვლელების, სახოგადოებრივი სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
აღსანიშნავია, რომ ახალ 2024 წელს ონის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნად გაეზარდა ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად დაფინანსდება პრიორიტეტული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024“- ზე გამახვილდა, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 იანვარს დაიწყება.
თათბირის მიმდინარეობისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს.
„ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაციის არსებობა. თვითმმართველობის წარმომადგენლები ინტენსიურად უნდა ეცნობოდნენ იმ საჭიროებებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, რათა ეტაპობრივად, რესურსებიდან გამომდინარე, შევძლოთ პრობლემური საკითხების მოგვარება. ასევე, უმნიშვნელოვანესია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულება, რისთვისაც მონიტორინგის პროცესში ყველა მხარის აქტიური ჩართულობაა საჭირო“ – აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.
საუბრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2024 წელი ონის მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების კუთხით, კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერი იქნება, რისთვისაც ყველა შესაბამის უწყებასთან ინტენსიურ და აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ. მსგავსი სახის შეხვედრები რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში კვლავ გაგრძელდება.