24
04.05.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
SlovakAid-ის ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სლოვაკურმა ორგანიზაცია Sosna-მ ონის მუნიციპალიტეტის მერიას ასანიზაციის მანქანა გადასცა.
ასანიზაციის მანქანა ონის მუნიციპალიტეტს დაეხმარება ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ონის – მერი სერგი ხიდეშელი მოადგილეებთან და წარმომადგენლებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპურტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ასევე სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლები.
მანქანის გადაცემამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ეკატერინე მესხრიკაძემ და პროექტის ექსპერტმა, კახა ბახტაძემ ადგილობრივი ხელმძღვანელობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი ნარჩენების მდგრადი მართვის თემაზე. ტრენინგზე ისაუბრეს წყლის დაბინძურების უარყოფითი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, ჩამდინარე წყლების მართვის ეროვნულ და საერთაშორისო რეგულაციებზე, პროექტის ამოცანებზე, გეგმებზე და მიმდინარეობის პროცესზე.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა 2022 წელს სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვებული პროექტი მოინახულეს „საცოცი კედლის მოწყობა ონისთვის“, რომლის მიზანია, მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში და ხელი შეუწყოს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.