14
10.01.2021წ
ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობისათვის სხვადასხვა ფინანსური დახმარებების გაცემას, რაც მთლიანობაში უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას:
ავადმყოფთა დახმარება – ერთჯერადი დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა.
ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება – ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეზე, გაიცემა ყოველთვიური ფინანსური დახმარება
მედიკამენტებით უზრუნველყოფა – მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს;
არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დახმარება – ა) არასაპენსიო ასაკის შშმ პირებზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ბ) 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 18 წლამდე შშმ და სსსმ პირებზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; გ) საახალწლო – საშობაოდ გაიცემა ფინანსური დახმარება;
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება – ა) 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან (3 და მეტი ბავშვი) ოჯახებზე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ბ) საახალწლო – საშობაოდ მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით სოციალური დახმარება – ა) ახალშობილ ბავშვთა ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ბ ) ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი შვილი 18 წლამდე ასაკის, დამატებით მიეცემათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება – მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა:
ა) სასწავლო წლის დაწყებისას;
ბ) საახალწლო-საშობაოდ ;
ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება – ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანის სარიტუალო ხარჯებისთვის;
ხანდაზმულთა დახმარება – ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ხანდაზმულ (100 წლის და მეტი ასაკის) მოქალაქეზე;
ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება – ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა, ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად, საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანისათვის;
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება – ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა უპატრონო გარდაცვლილის სარიტუალო ხარჯებისთვის;
უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფა – განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს გაეწევა ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება – ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებზე, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე: 8 მარტს, 9 და 26 მაისს, 17 ოქტომბერს და საახალწლო – საშობაო დღესასწაულებზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
არასაპენსიო ასაკის შშმ პირების მათ შორის ბავშვების, ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების სოციალური დახმარება – ყოველთვიურად თითოეული ოჯახის წყლის და კანალიზაციის გადასახადის და დასუფთავების მოსაკრებელი დაიფარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს.