29 მაისი გიგა ჯაფარიძის დაბადების დღეა

29.05.2021წ.

დღეს, 29 მაისს, ქართველი მსახიობს, რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს, გიგა ჯაფარიძეს დაბადებიდან 97 წელი შეუსრულდებოდა.
ბატონმა გიგამ სერიოზული თეატრალური მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო. მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხო“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ გიგა ჯაფარიძე მშობლიურ ქალაქ ონში დაბრუნდა და მის ირგვლივ გაერთიანდა ონის საზოგადოების, ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი, რომელთა ერთგულებითაც გიგა ჯაფარიძე დღესასწაულებს ქმნიდა ონის სახალხო თეატრის სცენაზე მას არ ჰყოლია მხატვარი, კომპოზიტორი, ან სცენის მუშა, იგი ყველა მისიას თავის თავზე იღებდა და შედეგიც განუმეორებელი იყო.
ონის სცენაზე გიგა ჯაფარიძემ 200-მდე სპექტაკლი განახორციელა, თუმცა არა მარტო სპექტაკლებს, არამედ დიდ სახალხო დღესასწაულების დამდგმელი რეჟისორიც იყო. დაუვიწყარ მოგონებად რჩება უჩა ჯაფარიძის და ირაკლი აბაშიძის სტუმრობა ქალაქ ონში, რუსთაველის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სანახაობა ონის სანახებში, თბილისში, ვაკის პარკში 9 მაისისადმი მიძღვნილი გრანდიოზული სანახაობა, მასწავლებელთა ყრილობისათვის ჩატარებული დღესასწაული და სხვა მრავალი.
მისი დიდი მადლია ის, რომ დღეს რაჭული საკრავი გუდასტვირი ცოცხალია. გიგა ჯაფარიძემ დროულად იგრძნო სტვირის გადაშენების საშიშროება . იგი ესტუმრა ლუკია მესტვირეს სოფელ ფარახეთში, ისწავლა მისაგან სტვირზე დაკვრა, ამის შემდგომ ხშირად გამოდიოდა სახალხო დღესასწაულებზე სტვირით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგა ჯაფარიძე იყო პირველი თოვლის ბაბუა ახალ წელს საქართველოში, რომელიც საქართველოს ტელევიზიით გამოჩნდა.
მისი აღსასრულიც ისეთივე საოცარი აღმოჩნდა , როგორც მთელი მისი ცხოვრება. დიდების მწვერვალზე მყოფი, ამბროლაურის სახალხო თეატრის სპექტაკლ „იქმენინ საქართველოს“ პრემიერის შემდეგ გარდაიცვალა…გარდაიცვალა და თან წაიღო მადლი მშობელი ხალხისა.
დრომ ვერ გაახუნა წარსულის მოგონებები, გიგა ჯაფარიძის სახელს დღემდე ყველა ონელი პატივისცემით წარმოთქვამს. ონის კულტურის ცენტრი და ცენტრალური პარკი დიდი სიყვარულისა და პატივიცემის ნიშნად გიგა ჯაფარიძის სახელს ატარებს .
ნათელი თქვენს ხსოვნას დიდო მაესტრო!

Related posts

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ორგანიზებით ფრენბურთში მინი ჩემპიონატი გაიმართა

1 ივნისს, დიდ ქართველ პედაგოგს , მწერალს, საზოგადო მოღვაწეს,, რაჭის კოლორიტს სიმონ სხირტლაძეს დაბადებიდან 113 წელი შეუსრულდა