ხიდის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ორბა“ გასული წლის 28 დეკემბრიდან და 2 თვის განმავლობაში დასრულება იგეგმება.
შენდება მდინარე ჯეჯორზე 25 მეტრი სიგრძის და 3 მეტრი სიგანის ლითონის კონსტრუქციის ხიდი.
სოფელი ირი ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღესდღეობით ბოლო სოფელია ცხინვალის რაიონიდან 12 კმ.ის დაშორებით.
მაშინ როდესაც ირში ბარიტის ქარხანა მუშაობდა ადგილობრივების თქმით სოფელში მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ცხოვრების უკეთესი პირობები იყო. სოფელი წლების განმავლობაში დაბათაც მოიხსენიებოდა.
ხელისუფლების შეცვლის (1980 წწ) შემდეგ ირში შეწყდა ბარიტის წარმოება და სოფელი მას შემდეგ ეტაპობრივად დაიცალა, მიგრაციის პრობლემა ცხინვალთან შეწყვეტილი მიმოსვლის შემდეგაც გაუარესდა.
ვატრის ხიდი გახლდათ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სტრატეგიულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხიდი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აკავშირებდა სახნავ და სათიბ სავარგულებთან და ასევე ამ ხიდის საშუალებით მარაგდებოდა სოფელი ირის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა საშეშე მერქნით, გარდა ამისა აღნიშნული ხიდი სოფლის მოსახლეობას აკავშირებდა უმნიშვნელოვანეს ხვედიანის წმ. გიორგის სალოცავთან.
დროთა განმავლობაში ვატრის ხიდი მწყობრიდან გამოვიდა, განადგურდა და მის ადგილას ადგილობრივების მიერ მოწყობილი საცალფეხო გადასასვლელი ფუნქციონირებდა.
დღესდღეობით ხელისუფლების მხარდაჭერით ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სოფელ ირში დაიწყო ახალი ხიდის მშენებლობა და ასევე ხიდამდე მისასვლელი 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია (გაფართოება, სანიაღვრე არხების და გადამშვებების მოწყობა, მოხრეშვის სამუშაოები).
ხიდის მშენებლობის სამუშაოების პარალელურად, რამოდენიმე დღეში დაიწყება გუფთა ონის (ონი-ირის გზის ) ასფალტირების სამუშაოები.