14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა

14.11.2021წ.

14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა!
დღეს ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, ესეისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ჩვენი კუთხის ღირსეული და საამაყო შვილის მურმან ლებანიძის დაბადების დღეა. მურმან სილოვანის ძე ლებანიძე 1922 წლის 14 ნოემბერს აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1946 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. მურმან ლებანიძე 1948 წელს დაოჯახდა და მისი მეუღლე ელენე ჭავჭავაძე იყო. ლებანიძის პირველი ლირიკული ლექსების კრებული 1950 წელს გამოქვეყნდა.
მურმან ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. მისი შემოქმედება ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან იწყება. პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.
მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.
პოეტი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, “საპატიო ნიშნის” და ღირსების ორდენებით. 1972-73 წლებში მურმან ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველისა და გალაკტიონის პრემიები. ის 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მურმან ლებანიძე 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. მწერალი და საზოგადო მოღვაწე დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
გვიყვარს და გვეამაყება…

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა