ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის მიმდინარე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორი სამიზნე თვითმმართველი ერთეულიდან 11 გამარჯვებული ქალი, მათ შორის, 4 სენაკის, 7 კი, ონის მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდა

by magda

31.08.2021წ.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის მიმდინარე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორი სამიზნე თვითმმართველი ერთეულიდან 11 გამარჯვებული ქალი, მათ შორის, 4 სენაკის, 7 კი, ონის მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდა.
22 ბენეფიციარიდან წარმოდგენილი ბიზნეს გეგმები პროექტის ექსპერტებმა განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩიეს. ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება, შეფასების კომისიის მიერ, თითოეულ განაცხადზე შეფასების აქტების შემუშავებითა და მათი შეჯერების შედეგად იქნა მიღებული, რაც ასევე, კომისიის სხდომის ოქმსა და დასკვნაში აისახა.
როგორც პროექტის ექსპერტმა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ – ნათია ღვინაშვილმა განმარტა, შეფასების კომისიის შემადგენლობა და ჩართულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურსის მნიშვნელობასა და გამჭვირვალობას.
,, შეფასების კომისია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე – ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ათეა-ს პარტნიორი, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) წარმომადგენლებითა და ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. ასეთი წარმომადგენლობითი შემადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკურსანტების შერჩევის პროცესი კვალიფიციურად და რაც მთავარია, ობიექტურად წარიმართა“,- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა 44 ბიზნეს იდეა წარმოადგინეს, საიდანაც პროექტის კრიტერიუმები 22 -მა ბენეფიციარმა დააკმაყოფილა. კერძოდ, 11 განაცხადი ონში, ხოლო 4 სენაკში, დანარჩენი კი, უწერის, ღების, ღარის, ასევე, ძველი სენაკის, ნოქალაქევისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ქალებს ეკუთვნოდათ.
ბიზნეს განაცხადები ხუთ ნაწილად დაიყო და ვაჭრობის, წარმოების, მომსახურების, ასევე, ტურიზმის სფეროებსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს მოიცავდა.
მათ უმრავლესობას ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენდა, რაც კონკურსის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად განიხილებოდა. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ისეთ პროექტებს მიექცა, რომლებიც შიდა მიგრაციის შემცირებას, მუნიციპალიტეტებში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას, ასევე, ტურიზმის, აგროსექტორისა და სხვა მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული ქალების გამოვლენით, აღნიშნული პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. სექტემბრიდან კი, დაგეგმილია ბენეფიციარების საჭირო ინვენტარით აღჭურვა და განმეორებითი საველე მონიტორინგი, სადაც ნათია ღვინაშვილთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი – შორენა კოჭლამაზაშვილი იქნება ჩართული.
საგრანტო კონკურსი, რომელიც მუნიციპალიტეტებში ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content