35
11.12.2021წ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG ) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ჰიბრიდულ რეჟიმში მოწყობილ მასშტაბურ შეხვედრას, რომელიც ათეა-ს პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა – კახა კალაძემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან – ანდრეას კიფერთან და საქართველოს სახალხო დამცველთან – ნინო ლომჯარიასთან ერთად გახსნა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და მრავალდონიანი მმართველობა მდგრადი და ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით კი, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის შემდგომ პერიოდში.
ევროსაბჭოს კონგრესს, ათეა-სა და საქართველოს 13 მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით,
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საქართველოს ცამეტ მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ათეა-ს პრეზიდენტთან და თბილისის მერთან – კახა კალაძესთან ერთად, დოკუმენტებს ონის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, წყალტუბოს, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, ბოლნისის, დმანისის, ასევე, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკისა და ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ თავიანთ მზაობას, გააუმჯობესონ ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებით და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირებით. ასევე, ხელი შეუწყონ მოქალაქეებზე ორიენტირებულ, ღია, ინკლუზიურ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას.
სიმბოლურია, რომ ხელმოწერის ცერემონიალი ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის თანამშრომლობით გამართული მასშტაბური ღონისძიების -,,უთანასწორობის შემცირება და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი – ანდრეას კიფერი, ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი – მარიტე მორასი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იღებდნენ მონაწილეობას