13
18..01.2024წ.
რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს შეიქმნა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.
რაჭის ეროვნული პარკის მდინარეების დათევზიანების პროცესში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე და რაჭის ეროვნული პარკის რეინჯერები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.