47
07.09.2022წ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაპუნა მარგველიძემ ელჩს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო, ასევე ისაუბრა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული რაჭის მდგრადი განვითარების პროგრამის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საელჩომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ელჩი რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამაგიდო სწავლებას დაესწრო, რომელიც ითვალისწინებს ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გამოცდილების გაზიარებას.
სამუშაო შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა რეგიონში ვიზიტისთვის და გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას ამერიკულ დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.