37
05.12.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნინო მეტრეველთან ერთად, სსიპ ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლის დირექტორს – მაია გრიგოლიშვილს, დამსახურებული მასწავლებლის წოდების დამადასტურებელი სიგელი და სამკერდე ნიშანი გადასცა.
მაია გრიგოლიშვილი მოტივირებული და თავის პროფესიაზე შეყვარებული პედაგოგია. ის 40 წელია რაც სკოლის ცხოვრებით ცხოვრობს და მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის. მისი გაკვეთილები მოსწავლეებს ეხმარება აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები და იპოვონ საკუთარი თავის რეალიზების გზები, რათა ჩამოყალიბდნენ ღირსეულ პიროვნებებად.
ასევე, პატარა მოხალისის წოდებით დაჯილდოვდა, სოფელ გლოლის VIII – კლასის მოსწავლე ლუკა ხარებაშვილი, რომელიც წიგნის მოყვარულ მკითხველებს დიდი მოტივაციით უწევდა კონსულტაციას, მან, მკვეთრად გაზარდა მკითხველთა რაოდენობა, ივლისის თვესა და სექტემბერში გასცა 73 წიგნი, ხოლო ბიბლიოთეკას 12 ახალი მკითხველი შეიძინა.
„ახალგაზრდების მონაწილეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ თქვენი შრომით, მხარდაჭერით, უანგარო დახმარებითა და მოტივაციით შეძელით, ჩვენი კუთხის უმძიმეს დღეებში გეჩვენებინათ ჰუმანურობის ძალის კარგი მაგალითი, თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენი კუთხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩვენ კი, მაქსიმუმს გავაკეთებთ თქვენი ხელშეწყობისა და წინსვლისთვის.
ასევე, მინდა მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე, ჩვენს დამსახურებულ მასწავლებელს ქალბატონ მაია გრიგოლიშვილს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე.“ – ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.
შეხვედრას მერთან ერთად ესწრებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მანანა ჩაგელიშვილი.