გრძელდება დანიაში ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა ვიზიტი

19.10.2021წ.

გრძელდება დანიაში ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა ვიზიტი.
მეორე შეხვედრა გაიმართა ხის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Dinesen-ის საამქროში. დანიაში ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია დინესენების ოჯახს ეკუთვნის და საუკუნეზე მეტს ითვლის. საგულისხმოა, რომ საამქროში სტუმრებს გიდობას უწევდა პირადად საოჯახო კომპანიის მეხუთე თაობის წარმომადგენელი, ჰანს პეტერ დინესენი. სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ კომპანიის ერთ-ერთ ხაზს – მაღალი ხარისხის ფიცრების წარმოებას, გაშრობიდან პროდუქციის მიღებამდე, რომელიც კომპიუტერული მართვით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Dinesen-ი აქტიურად არის ჩართული დანიის სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხებში, მათ შორის კომპანიის მიერ განიხილება ონელი ბავშვებისათვის სპეციალური პროგრამის შეთავაზებაც.
ჰანს პეტერ დინესენთან დავით ჩიკვაიძემ და შუქურა ჯაფარიძემ განიხილეს კომპანიის მიერ ჩვენს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები, ინვესტირებისათვის აუცილებელი გარემო და გზები. კომპანიის თანადამფუძნებლის განცხადებით, ისინი დეტალურად განიხილავენ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა იდეებს და საქართველოში ვიზიტის დროს წარმოადგენენ კონკრეტულ წინადადებებს.
შეხვედრას საქართველოს საელჩოსთან ერთად ესწრებოდა რაჭის დიდი მეგობარი, დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსული, მარიანა ბოლსი.
Dinesen-ის საამქროს დათვალიერების დასასრულს საუკუნოვანი კომპანიის თანადამფუძნებელს ონის მერმა საჩუქრად გადასცა ონის სამხატვრო სკოლის მიერ შექმნილი პროდუქცია.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა