მიმდინარე წლის 6 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ნიგვზნარაში მდგრადი განვითარების ფესტივალთან დაკავშირებით ონის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის და „ფონდ აფხაზინტერკონტი“-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა მასტერკლასი მეფუტკრეობაში,რომელსაც პროექტის “სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში” ფარგლებში გადამზადებული მეფუტკრე-ტრენერები ეკატერინე ციხისელი და გიორგი ბერუჩაშვილი უძღვებოდნენ, ასევე მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი თაფლის დეგუსტაცია და ხარისხობრივი შემოწმება. ახალგაზრდა მეფუტკრეები ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერუჩაშვილმა პროექტის ფარგლებში გამოცემული მეფუტკრეობის სახელმძღვანელოებით დაასაჩუქრა.
ასევე ადგილზე მოხდა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან მიღებული პირველადი და მეორადი პროდუქციის დაგემოვნება (კომპოტი, ჯემი, მურაბა).
სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მოსწავლეების ღონისძიებაზე დასწრებას ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე გუნდის ,,ფაზისი”-ს წევრებმა გაუწიეს ორგანიზება.
კენკროვანი კულტურის სადემონსტრაციო ნაკვეთზე იმყოფებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, „სასოფლო–სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში“ ფარგლებში (კენკროვანი კულტურის მოვლა-გაშენება, მეფუტკრეობა) გადამზადებული და დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის და ტელევიზიის ჟურნალისტები.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ერთ-ერთ პილოტ რეგიონად შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ფერმერთა უშუალო საჭიროებებზე მორგებული მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რეგიონში ახალგაზრდების ჩართულობას სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების სფეროში, რაც გამოიწვევს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ამ სექტორის მდიდარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის.
35