7
24.06.2021წ
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად რაჭას ეწვია.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან ერთად ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უმასპინძლა.
ელჩმა ამბროლაურში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა ქალაქ ამბროლაურში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად წარდგენილი 2 პროექტი: მახალდიანის ქუჩის მიმდებარედ მდინარე კრიხულას სანაპიროს და კოსტავას ქუჩის მიმდებარედ სანაპიროს და სხვადასხვა ფუნქციური სივრცეების მოწყობის პროექტები.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას ახორციელებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამა ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.
ევროკავშირმა აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს ოთხ რეგიონში, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 200 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.