ფოლკლორის ცენტრის ყოველწლიური ფესტივალი #ხალხურისაღამოები ანსამბლ ,,ჩვენებურების“ კონცერტით დაიწყო

03.07.2021წ.

ფოლკლორის ცენტრის ყოველწლიური ფესტივალი #ხალხურისაღამოები ანსამბლ ,,ჩვენებურების“ კონცერტით დაიწყო. ფესტივალის წლევანდელი ფორმატი საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ძირითადად სოფლად ღონისძიებების გამართვას გულისხმობს.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში ,,ჩვენებურებმა“ საკონცერტოდ დიდეზოიანი სახლი შეარჩიეს. დაკეტილ კარ-მიდამოში 40 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა მსმენელი, ახმაურდა გარემო და ცეკვა-სიმღერით გაჯერებული #რაჭული საღამო მოეწყო.
„ჩვენებურების“ მრავალფეროვან რეპერტუართან ერთად, შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები სხვადასხვა თაობის ადგილობრივ მომღერლებთან ერთად. საღამოზე გაიჟღერა ბორის გუგეშაშვილის სიმღერამ, რომელიც ანსამბლმა მის შვილთან – სოფო გუგეშაშვილთან ერთად შეასრულა.
ნამდვილად საინტერესო პროექტია. ბევრჯერ გვისაუბრია ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებთან, სხვადასხვა გადაცემაშიც, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება თავისსავე ყოფით კულტურაში წარმოშობილი კულტურის უკან დაბრუნება. განსაკუთრებით, მაშინ როცა ადამიანებისაგან დაცლილი, მიტოვებული სოფლები ზაფხულობით ივსება, ხალხი უბრუნდება თავის წიაღს და მათ შესაძლებლობას ვაძლევთ მოუსმინონ ქართულ ხალხურ სიმღერას – დიდ საგანძურს, – ამბობს „ჩვენებურების“ წევრი სოლომონ გოგაშვილი.
ფოტოებზე შენიშნავთ მომღერლების გამორჩეულ ჩაცმულობას – ხალხური საღამოს ჩატარებასთან ერთად, ანსამბლმა ახალი კლიპის გადაღებები სწორედ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გამართა.
საზაფხულო კონცერტები მესამე წელია გრძელდება. 2021 წლის „ხალხურ საღამოებში“ მონაწილეობს: 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი. მომდევნო უახლოესი კონცერტები დაგეგმილია ოზურგეთსა და თბილისში.
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა