საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

by newadmin newadmin

11.06.2026წ

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მინისტრი მუზეუმის მიმდინარე საჭიროებებს გაეცნო. მუზეუმის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოების საკითხები მან კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან, რაჭის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად განიხილა.
„მიხარია, რომ ონში მალე ახალ მუზეუმს გავხსნით. მადლობას გადავუხდი რაჭას და ონელებს იმ უმნიშვნელოვანესი საგანძურის შენარჩუნებისთვის, რომელიც სულ მალე ამ მუზეუმში იქნება გამოფენილი. აქ თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის არაერთი გამორჩეული ნიმუში.
რაჭის ახალი მუზეუმის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შენობა გადაეცა ეროვნულ მუზეუმს და ამ ეტაპზე კოლექციების გადატანა, ექსპონატების განთავსება და ახალი საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამ მუზეუმის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. მალე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება იხილოს უნიკალური ექსპონატები, რომლებიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მდიდარ ისტორიასა და კულტურულ პოტენციალს“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აშენებული რაჭის მუზეუმის ახალი შენობა 2026 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში გაერთიანდა. ამჟამად ფონდების სისტემატიზაციისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ახალ სივრცეში გადატანის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტთა ჩართულობით, ადგილობრივი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს უტარდება აუცილებელი საკონსერვაციო სამუშაოები. მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია ონის მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძეა

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content