35
14.10.2021წ
13 ოქტომბერს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა, პარმენ მარგველიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქ. ონში უმასპინძლეს რეგიონში სტუმრად მყოფ მაღალი რანგის სტუმარს – სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრის სახელმწიფო მდივანს, მის აღმატებულებას, ქალბატონ ინგრიდ ბროცკოვას.
პირისპირ შეხვედრის დროს ქალბატონმა ინგრიდ ბროცკოვამ ხაზი გაუსვა ონის მუნიციპალიტეტთან და მთლიანად რეგიონთან სლოვაკეთის მთავრობის ნაყოფიერ თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ გასული 1 წლის განმავლობაში სლოვაკეთის დახმარების (SlovakAid) მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი ასიგნებების 30%-ზე მეტი სწორედ ჩვენს მხარეს მოხმარდა, რაც მნიშვნელოვან პრივილეგიად შეიძლება ჩაითვალოს.
პარმენ მარგველიძემ და დავით ჩიკვაიძემ, თავის მხრივ, მადლობა მოახსენეს სახელმწიფო მდივანს სტუმრობისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოს სულ 2 დღით სტუმრობდა, საიდანაც 1 დღე მთლიანად რაჭაში დაგეგმილი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: სლოვაკეთის მთავრობა გეგმავს გაზარდოს ფინანსური დახმარება ონის მუნიციპალიტეტისათვის, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენს ქალაქს კვლავ ეწვევა სლოვაკეთის საელჩოს სამუშაო ჯგუფი. ამასთან, დადებითად იქნა შეფასებული ონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა დახმარებასთან ერთად სლოვაკური ინვესტიციების დაწყების თვალსაზრისით, რა მიზნითაც დაიგეგმება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის მოწყობა ქ. ონში.
ვიზიტის მეორე ნახევარში სლოვაკეთის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ონის მუნიციპალიტეტისათვის ნარჩენების მართვის თვალსაზრისით შეძენილი ტექნიკის გადაცემის ცერემონიაში და ეწვია სლოვაკეთის დახმარების (SlovakAid) რამდენიმე ბენეფიციარს ქ. ონში. დასასრულს, ინგრიდ ბროცკოვამ თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერა ონის საუკონოვანი სინაგოგა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია სარგებლობს შემთხვევით და უღრმეს მადლობას მოახსენებს ქალბატონ ბროცკოვას სტუმრობისათვის, თბილისში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, ბატონ პაველ ვიზდალს და მის შესანიშნავ გუნდს ონის მუნიციპალიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის