მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი ნაწვერალის გადაწვისთვის მკაცრი ჯარიმა წესდება – მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი მოიწონა

12.03.2023წ.

მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი ნაწვერალის გადაწვისთვის მკაცრი ჯარიმა წესდება – მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი მოიწონა.
ცვლილებების მოსალოდნელი შედეგი გავრცელებული მავნე პრაქტიკის – მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების აღმოფხვრა და შემაკავებელი ეფექტის შექმნაა. დღეს კანონმდებლობაში არ არსებობს ამ სახის პირდაპირ გათვალისწინებული სამართალდარღვევა და შესაბამისი სანქცია.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვაგრძელებთ ამ პროცესს, როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით, ასევე სამრეწველო საწარმოებისა და ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლის მიმართულებით. ეს საკითხი, რომელზეც მთავრობამ იმსჯელა ერთ-ერთი ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით, ძირითადად კახეთის რეგიონში. სამწუხარო პრაქტიკაა, როცა ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცეცხლის გავრცელების კუთხით. აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ და დღეს, მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს და ამავდროულად აღნიშნული ქმედება დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთანავე დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა. მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა.
კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი – 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სანქციები გამოიწვევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, მფლობელი ფიზიკური პირის, ან იურიდიული პირის დაჯარიმებას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქართველოს მთავრობა

 

 

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა