18.04.2023წ.
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთი მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან, გუბერნატორის პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერ სერგი ხიდეშელთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ონის კულტურის სახლში მდებარე სალოტბარო სკოლასა და ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის სახალხო თეატრს ესტუმრა
თეა წულუკიანი ონის სალოტბარო სკოლაში სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესთან ერთად იმყოფებოდა და მის ლოტბარებთან თორნიკე სხიერელთან და ირემა ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო სალოტბარო სკოლის მუშაობასა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ფოლკლორის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა სალოტბარო სკოლას მოინახულებს, შეხვდება პედაგოგებსა და მასწავლებლებს, გაეცნობა მათ საჭიროებებს. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა
მუნიციპალიტეტსა და სალოტბარო სკოლის პედაგოგებს ქართული ფოლკლორის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ონის სალოტბარო სკოლა 2016 წელს ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით გაიხსნა. სასწავლებელში ამ ეტაპზე 24 მოსწავლე ირიცხება. ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ტრადიციულ გალობას, ხალხურ სიმღერასა და ქორეოგრაფიას.
ინფორმაციისთვის – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, დღეისათვის ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ შეისწავლება ქართული გალობა, საკრავები და ხალხური სიმღერა. შეხვედრის ბოლოს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება.
ონის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას მინისტრი ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლს ესტუმრა, სადაც ხელმძღვანელ მალხაზ ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო კულტურის სახლში მოქმედი სამოყვარულო თეატრის შემოქმედებით ცხოვრებას. თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობისა და დასისგან მიიღო ინფორმაცია თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებსა და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე. მინისტრი დასსა და რეჟისორს, ნინო
ბერელიძეს, კულტურის სამინისტროს მიერ კერძო, მუნიციპალური თუ სამოყვარულო თეატრებისთვის, ასევე ქალი რეჟისორებისთვის გამოცხადებული კონკურსების შესახებ ესაუბრა.
ინფორმაციისთვის – ონის სახალხო თეატრი 1961 წელს ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, გიგა ჯაფარიძის, აქტიურობით დაარსდა, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩეოდა. ამჟამად კულტურის სახლის ბაზაზე თეატრის მოყვარულთა დასი აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.
ვიზიტის დასასრულს თეა წულუკიანმა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ძველი შენობა, მასში დაცული ექსპონატები და სამუზეუმო ფონდები დაათვალიერა. რის შემდეგაც
ახლადრეაბილიტირებულ რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრა, სადაც სამომავლოდ ონის მუზეუმში დაცული 14 ათასზე მეტი ექსპონატი განთავსდება.
ინფორმაციისთვის – ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობა 2022 წელს დასრულდა. მისი მშენებლობა საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების ნაგებობაში გათვალისწინებულია როგორც საგამოფენო, ასევე ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები და საცავები, შესაბამისი კლიმატური კონტროლით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; გათვალისწინებულია მუდმივი და დროებითი გამოფენების დარბაზები, ფონდსაცავები; ასევე, საკონფერენციო დარბაზი სცენითა და სინქრონული თარგმანისთვის საჭირო ოთახით.