ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის“ შემაჯამებელი კინოჩვენება გაიმართა

23.08.2024წ.

ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის“ შემაჯამებელი კინოჩვენება გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი სასკოლო ასაკის ბავშვებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარების ჩამოყალიბებას და გაფართოებას.
ონის მუნიციპალიტეტში მეორე წელია პროექტი „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ წარმატებით ხორციელდება, რომელშიც აქტიურადაა ჩართული ააიპ ლიდა გონგაძის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, სადაც წელს აღნიშნული პროექტის განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდები, აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის განხორციელებაში, რისთვისაც ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხა.
პროექტი მიმდინარე წელსაც წარმატებით განხორციელდა, რასაც ადასტურებს 22 აგვისტოს, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გამართული „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის“ შემაჯამებელი კინოჩვენება.
კინოჩვენებას წინ უძღოდა ორკვირიანი ნაყოფიერი მუშაობა, სადაც 21 მოსწავლემ, ხუთი პროფესიონალი პედაგოგის დახმარებით შეისწავლა კინოხელოვნებისა და კინოწარმოების საფუძვლები. თეორიული მუშაობის პარალელურად, გაგრძელდა პრაქტიკული მუშაობა, სადაც ბავშვებმა დამოუკიდებლად მოამზადეს კინოსცენარი, იმუშავეს რეჟისურაზე და ფილმების გადაღებაზე.
პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ორი საინტერესო ფილმი გადაიღეს. მათ შორის ერთი დოკუმენტური ფილმი „მოამაგე“, რომელიც მიეძღვნა მხატვარ – უჩა ჯაფარიძეს, მეორე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ონავრები“.
შემაჯამებელ კინოჩვენებაზე პროექტში ჩართული ბავშვები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით – „ონის 2024 წლის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლაში მონაწილეობისათვის“.
22 აგვისტოს გამართულ კინოჩვენებაზე წარმოდგენილი ორივე ფილმი „მოამაგე“ და „ონავრები“ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის ნოემბრის თვეში, ქალაქ თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო საბავშვო – საყმაწვილო კინოფესტივალში.
კინოჩვენებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა 2022 წელს გადაღებული ფილმებიც, რაც ონის საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ორწლიანი საინტერესო მუშაობის ერთგვარი შეჯამებაც გამოვიდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა კინოხელოვანებს.

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს