91
13.02.2021წ.
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს შერჩეულ იქნა ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული ორი პროექტი. პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში და გულისხმობს ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტექნიკის შეძენას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენციისა და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის.
2021 წლის 12 თებერვალს საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში – ბატონმა იმამურა აკირამ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა – ბატონმა ავთანდილ უგრეხელიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ბატონმა დავით ჩიკვაიძემ.
პროექტები ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობის შემცირებას და ამასთანავე, გააძლიერებს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობებს კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით. გრანტების მოცულობა: 70,500 და 56,584 აშშ დოლარი.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ დააფინანსა 180 საგრანტო პროექტი, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რამაც შეადგინა 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა).