ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის “ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნის და ინვესტიციების მოზიდვის გზით“ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ტურიზმის და კვების მრეწველობის სექტორების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში დიაგნოსტიკური კვლევების პრეზენტაციის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, ტურიზმისა და კვების მრეწველობის კლასტერების პრიორიტეტიზაცია განხორციელდა “პიემსი კვლევითი ცენტრის” მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევების საფუძველზე. ოთხი კლასტერიდან შესაბამისი შეფასების მატრიცის მიხედვით, 10 დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოავლინა ორი პრიორიტეტული კლასტერი: ტურიზმი და კვების მრეწველობა.
სამუშაო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმისა და კვების მრეწველობის კლასტერების წესდებების შემუშავება, რაც მოიცავს კლასტერების მიზნებისა და ამოცანების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წევრობასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრას.
პროექტის გუნდმა დამსწრეებს ასევე წარუდგინა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, ინფორმაცია კლასტერების სარგებლის შესახებ და კლასტერების მენეჯერების შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები.