12 ნომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა

12.11.2019წ.

მიმდინარე წლის 12 ნომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა.
მერმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მასშტაბურ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაც აქტიურ ფაზაშია შესული და გააჟღერა მომავალ წლებში დაგეგმილი პრიორიტეტები.
„ონის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ პერიოდში განახორციელა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, სოციალური და ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამები და პროექტები. ყოველივე ამას ხელი შეუწყო ყოველკვირეულმა შეხვედრებმა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან, მერის წარმომადგენლებთან, საკრებულოს დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების სამუშაოების მწარმოებლებთან, სადაც იხილებოდა მუნიციპალიტეტის ყოფითი პრობლემები, პროექტების მიმდინარეობა შესრულებული სამუშაოები და დაგეგმილი ინიციატივები.
მაქსიმალურად მხარს ვუჭერდი თითოეული წარმომადგენელის მოსაზრებებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩაჯდებოდა კანონის ფარგლებში და მისაღები იქნებოდა სოფლის მცხოვრებთათვის.
ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხები იყოფოდა უამრავ ნაწილად და საბოლოო ჯამში, თანხის სიმცირის გამო, კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა ქალაქსა თუ სოფელში ესა თუ ის პრობლემა. მომავალში, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები აქტუალურობის და მასშტაბების მიხედვით მოხმარდება კონკრეტულ პრიორიტეტულ – პრობლემურ საკითხს, რითაც თანხების ხარჯვა იქნება მიზნობრივი და ამავე დროს მრავალწლიან შედეგზე ორიენტირებული“.-განაცხადა ემზარ საბანაძემ.
შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ-შუქურა ჯაფარიძემ, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს როლზე აღმასრულებელი ორგანოს მუშაობაში.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ – ვასილ მეტრეველმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე.
მერის განცხადებით, 2019 წელი ონის მუნიციპალიტეტისთვის თამამად შეიძლება წარმატებულ წლად ჩაითვალოს, თუმცა ჯერ კიდევ გადასაჭრელი რჩება მრავალი პრობლემა, რომელთა მოსაგვარებლად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს აქტიურ მუშაობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში- დავით ღუდუმიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი-გიორგი მაქარაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა