საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა

17.12.2023წ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.
სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს.
წლევანდელი გამარჯვებულები:
ონი: ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.
ბათუმი: მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი „ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“.
ამბროლაური: ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახის კეთილდღეობაზე მორგებული მუნიციპალური პროგრამები.
ლაგოდეხი: ახალგაზრდები მომავლისთვის.
ზუგდიდი: ქაღალდისა და მუყაოს გადამუშავება.
ზუგდიდი: თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა.
ქუთაისი: სპორტის განვითარების კონცეფცია.
სენაკი: შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა, შემოსავლების გენერირება, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
ფოთი: საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა.
ასევე, ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თვითმმართველ ერთეულებში დანერგილი პროგრამებისთვის დაჯილდოვდნენ – დედოფლისწყაროს, დმანისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), დანიის მთავრობის , ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით მოეწყო.
დაჯილდოების ცერემონიამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, დანიის ელჩმა საქართველოში, ენ ტოფტ სორენსენმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, ასევე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ, USAID-ის DRG ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, კორინ როთბლუმმა, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლიდია კრისტმანმა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა.
გამომსვლელებმა კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ათეას ფასდაუდებელ როლს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით. მათ მიერ, ასევე აღინიშნა, რომ ასოციაცია, სტიმულს აძლევს თვითმმართველ ერთეულებს ყოველ წელს უზრუნველყონ უკეთესი სერვისები.
ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რამდენიმე სესიად დაიყო, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალურად გასცნობოდა ათეას პროექტს, „პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმისთვის საქართველოში“.
კონფერენციის დასკვნითი ნაწილი დაჯილდოების ცერემონიას დათმო, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ექსპერტი, ნინო ზურაბიშვილი.
ექსპერტის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, 2022-2023 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 თემაზე, რეკორდული რაოდენობის, 67 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა