რა კეთდება სტიქიის ზონაში

31.07.2020წ.

გეოლოგებმა  დაათვალიერეს სტიქიის ზონა და დამამშვიდებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის არსად დაგუბებები. ეს ნიშნავს იმას, რომ >წყალმოვარდნებს ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ. საპროექტო ჯგუფები იმყოფებიან დიდ და პატარა ღებში, სადაც სპეციალისტები დარჩებიან რამდენიმე დღე იმისთვის, რომ მოხდეს დეტალური აღრიცხვა, შესწავლა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტება. მოსალოდნელზე ადრე მოხერხდა კიდევ ორ სოფელთან შემოვლითი გზების საშუალებით კავშირის აღდგენა და ამ ეტაპზე გვრჩება 5 სოფელი, სადაც ჯერ საავტომობილო მოძრაობა არ გვაქვს. აქტიურად გრძელდება მუშაობა მდინარის კალაპოტის შესაცვლელად, რის შედეგადაც იქ, სადაც გუშინ სრულიად იყო ჩაწყვეტილი გზა, დღეს უკვე დროებითი გადასასვლელი არის მოწყობილი და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ტექნიკა შემდგომ მონაკვეთამდე გადასვლას შეძლებს. ვიდრე აღდგება მოძრავი მაღაზიები, რომელსაც უზრუნველვყოფთ ვერტმფრენების საშუალებით, მანამდე ყველას მოვამარაგებთ პირველადი სასურსათო კალათით. იმ ხუთ დასახლებაში, სადაც ჯერ საავტომობილო მოძრაობა არ გვაქვს, დღეში ორჯერ ვერტმფრენი რეისებს შეასრულებს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ სოფლებში ხვალიდან მუდმივად იქნება სოფლის ექიმი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა. გუშინ 10 დასახლებაში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დღეს დამატებით ჩაირთვება უწერა და გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებშიც, დაზიანებული ხაზების აღდგენაზე, უკვე მუშაობენ სპეციალისტები.“ – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, ნაკიეთში და ლაგვანთის ხიდთან სტიქიის მიერ დაზიანებულ მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებისა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალურად მოწყობილი ბოგირების მეშვეობით სურსათი უკვე მიეწოდა სოფლების – მუჟარეთისა და ხიდეშლების მოსახლეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები აგრძელებენ სხვა სოფლებში როგორც სურსათის მიწოდებას, ისე სოფლებიდან გამოსვლის მსურველი მოსახლეობის გამოყვანას.
სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა