ისტორია

ქალაქი ონი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია. მას ისტორიულად გამოარჩევდა თავისი მრავალფეროვნება, კოლორიტი და დამახასიათებელი თავისებურებები. საუკუნეების განმავლობაში ონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრს, სადაც თავს იყრიდა რამდენიმე სავაჭრო გზა, განვითარებული იყო როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე საქალაქო ცხოვრება.

ონის მრავალფეროვნება მოიცავდა და მოიცავს ბუნებრივი ლანდშაფტის, მდინარეების, მინერალური წყლების, ფლორისა და ფაუნის მრავალსახეობას, ონში ოდითგანვე მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები. ყოველივე ეს კი თავის უნიკალურობას სძენდა მაღალმთიანი რაჭის ამ პატარა ქალაქს.

ონი —ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე., ღრმა ხეობაში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ზღვის დონიდან 830 მ, თბილისიდან 210 კმ. 3,3 ათასი მცხოვრები (2002). ონში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.საშუალო წლიური ტემპერატურა 10 °C, იანვარი — 1 °C, ივლისი 20,4 °C, აბსოლუტური მინიმალური – 27 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1000—1100 მმ წელიწადში.

ონი წყაროებში პირველად მოხსენიებულია1503 წლის სასისხლო სიგელში. ბოლო კვლევებით ეს სიგელი ასეა დათარიღებული . მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზღების თანახმად, ონი დააარსა იბერიის მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II ს.). შუა საუკუნეებში გაიზარდა ფეოდალური ქალაქის – ონის ეკონომიკური მნიშვნელობა; აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ იყო დაბა; წარმოადგენდა რაჭის მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს, განვითარებული იყო ხელოსნობა. 1846 წლიდან იყო ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები (ბრინჯაოს ხანა), აგრეთვე კოლხური თეთრის (ძვ. წ. VI-III სს.) განძი.

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

ვახუშტი ბაგრატიონი ონის შესახებ წერს:
„ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამჴრით არს ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არს მშუენი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. არამედ აგრილებს მდინარე რიონი“

ონის ციხეები მდებარეობს ქ. ონის სამხრეთით შემაღლებულ ადგილზე. თავდაცვითი კომპლექსი წარმოადგენს შუა  საუკუნეების ძეგლს რომელსაც ატყვია საუკუნეების გამნავლობაში მრავალგზის  აღდგენა-გადაკეთების  კვალი. ნაგებია რიყისა და   ფლეთილი  ქვისაგან. ადგილ-ადგილ გამოუყენებიათ ქართული აგური. საპორტიფიკაციო ნაგებობა შედგება სამი ციხისა და გალავნისაგან. მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა მეტად ხელსაყრელ სტრატეგიულ ადგილზეა აშენებული, თითქმის ყოველი მხრიდან შეეძლოთ მეციხოვნეებს თვალყური ედევნებიათ მტრის შემოსევებისათვის.          

საისტორიო წყაროებში ონის ციხეები გვიანი ფეოდალური ხანიდან იხსენიება სხვადასხვა სახელებით.  მათ მფლობელებად კი გვევლინებიან სხვადახხვა საგვარეულოს წარმომადგენლები მსხვილი ფეოდალები, თავადები.

 

ცნობილ ისტორიკოსს და გეოგრაფს ვახუშტი ბატონიშვილს XVIII საუკუნის 30-იან – 40 იან წლებში  თავის მიერ შედგენილ ერთ-ერთ რუკაზე ციხეები მოხსენიებული აქვს როგორც  ბეჟანის ციხე. ვინ იყო ბეჟანი? ბეჟანი როგორც ჩანს თავადი ჯაფარიძეების თავკაცია იგი პირველობს გვარში და მის ხელში თავდაცვითი ნაგებობები.

რაჭის ერისთავის როსტომის მმართველობის დროს (1750-1769 წწ) ჯაფარიძეთა ფეოდალურმა სახლმა მნიშვნელოვანი დამცრობა განიცადა. თავადი ჯაფარა ჯაფარიძეს რომელსაც ონის ციხეები ეპყრა ერისთავმა თვალები დათხარა ჩამოართვა ციხეები და თვითონ დაიჭირა. ეს ამბავი კარგადაა მოთხრობილი ჯაფარას მიერ ერისთავისადმი ლექსად მიწერილ წერილში    –  „ონისა ციხე წამართვვი და ზედ პატარა ქალაქი“.

ციხეების მფლობელი ფეოდალების ხელშია კონტროლი ქალაქ ონზეც.

გულზვიადი რაჭის ერისთავი როსტომი 1769 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I – მა შეიპყრო სასტიკად დასაჯა გააუქმა რაჭის საერისთავო, ონი და მისი ციხეები მეფისადმი თავდადებულ  მსახურს სამეფოში გაპირველკაცებულ  თავად ზურაბ წერეთელს გადასცა.

1772 წელს ციხეები მოუნახულებია გერმანელ მეცნიერს იოჰან ანტონ გიულდენშტედს რომელიც ციხეთა მფლობელად და ქალაქის მოურავად ვინმე თავად გიორგი ჯაფარიძეს იხსენიებს. უნდა ითქვას რომ ამ დროისათვის ჯაფარიძეები წერეთლების გავლენის ქვეშ ექცევიან და ძირითადი კონტროლი რაჭაზე მათ ხელშია.

1833 წელს რაჭაში იმყოფებოდა შვეიცარიაში მოგზაური, გეოლოგი დიუბუა დე მონპერე. 1843 წელს გამოქვეყნდა მისი ალბომი, სადაც რაჭის ხედების გრაფიკული ჩანახატებია, მათ შორის ონის ციხეებისა და ქალაქისა. ციხეთა შორის მოჩანს სასახლე. ფეოდალთა სასახლის არსებობას ადასტურებს კიდევაც სხვადასხვა წერილობითი  წყაროები.

ციხეებიდან სათვალთვალო კოშკთან  საიდუმლო გვირაბი ჩადიოდა მდინარე ჯეჯორის ნაპირას, მტრის შემოსევისას ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში მოსახლეობა გვირაბით წყალსა და საკვებს იმარაგებდა. სამხედრო გზის მშენებლობისას გვირაბი დაინგრა და ადამინის ძვლები და იარაღ-საჭურველი გამოჩნდა. ციხის მიდამოებში მოსახლეობა პოულობდა ფეოდალური ხანის მონეტებს, რკინის შუბის პირებსა და სახვადასხვა არტეფაქტებს.

ძალზედ ლამაზი, მომხიბვლელი, შთამბეჭდავი და იდუმალია კომპლექსის შემოგარენში წამომართული ასწლოვანი დიდრონი მუხის ხეებისაგან დაბურული მიდამოები. სამწუხაროდ უნდა ითქვას რომ ციხეთა კომპლექსი მიწისძვრების შედეგად დაინგრა და განადგურდა.

წარსულის უტყვი მოწმე დღესდღეობით მხოლოდ ნანგრევების სახითაა ჩვენამდე მოღწეული.

ონის „საჯანის კარის“ წმინდა გიორგის ეკლესია – ონის ცენტრში (კინოთეატრის გვერდზე ) იდგა „საჯანის კარის“ წმ. გიორგის ეკლესია, დეკანოზი იოსებ ჭიჭინაძე 1827 წელს აღწერს რაჭის მაზრის ისტორიულ სიძველეებს, საიდანაც ჩანს რომ ონის წმ. გიორგის ეკლესია აუგია 1815 წელს პოდპოლკოვნიკ თავად გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელს. აკურთხეს 1816 წელს.

  რაჭის ბლაღოჩინის გრიგოლ წერეთლის  „რაპორტები“-დან ვიგებთ რომ 1853 წლის 18 მაისს ონის წმ. გიორგის ეკლესიის დასავლეთის კარი გაუტეხიათ და გაუტაცებიათ ღმთისმშობლის ვერცხლის ხატი ოქროთი დაფერილი და მარგალიტებით შემკული, ვერხცლის ჯვარი, ვერცხლის ბარძიმი, ვერცხლის ვარსკვლავი და კოვზი, კალის ფეშხუმი და სანაწილე. სამღვდელო სამოსელი.

  თლილი თეთრი ქვით ნაგები ლამაზი დარბაზული ეკლესია წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მის ეზოს შემოვლებული ჰქონდა მკვრივად ნაგები ქვიტკირის გალავანი, რომლის ახლოსაც ბაზარი (ე.წ. ყაფანი) ყოფილა. ბაზრის მხრიდან ეკლესიას ჰქონდა კარიბჭე, რომელსაც ტანაშოლტილი ურთხველის ხე ამშვენებდა, ასევე მშვენებას წარმოადგენდა ბზის, კაკლისა და ცაცხვის მრავალსაუკუნოვანი ხეები.

   ტაძარი ბევრი ისტორიული პიროვნების მოწმე ყოფილა. აქ 1885 წლის 16 მაისს სწირა და იქადაგა ღირსეულმა მამულიშვილმა, იმერეთის ეპისკოპოსმა წმინდა გამრიელ ქიქოძემ. 1912 წლის 27 ივლისს მგოსან აკაკი წერეთლის საპატივცემლოდ ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადა მღვდელმა მათე გორდეზიანმა. ვინ იცის რამდენ ცნობილ პიროვნებას უნახავს ტაძარი, სანთელი აუნთია და ულოცავს მასში, ვინ იცის რამდენი ღირსეული მამულიშვილი, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და სასულიერო მოძღვარი სამარადჟამოდ განისვენებდა ეკლესიაში და მის ეზოში.

1923-1925 წლებში ისე როგორც მთელი საქართველო, რაჭაც ანტირელიგიურმა მოძრაობამ და პროპაგანდამ მოიცვა. ამ დროს შეწყდა წირვა-ლოცვა ეკლესიაში. 1927-1928 წლებში, ისე რომ წარბისც არ შესტოკებიათ, მშვიდად ჩამოხსნეს ეკლესიის გუმბათიდან ლამაზად აღერილი ჯვარი და 3 ზარი (1 დიდი და 2 საშუალო ზომის) წარწერიანი დიდი ზარი მთავრობამ გადასცა იქვე არსებულ (დღევანდელი საკრებულოს შენობა) ონის სახანძრო ნაწილს და ხით აგებულ კოშკურაზე ჩამოკიდეს. ზარი საათის მოვალეობას ასრულებდა (დღე და ღამე რეკავდნენ ყოველ საათზე). საჭიროების შემთხვევაში კი იყენებდნენ ხანძრის დროს განგაშის ასატეხად.

1932 წელს მოხდა მსოფლიო მნიშვნელოვანი სენსაცია, ონის სახანძრო ნაწილი დაიწვა, კოშკურაზე ჩამოკიდებული უმძიმესი ზარი ჩამოვარდა და დაიმსხვრა, გატეხილი ზარი დიდი გაჭირვებით ძლივს დადეს ავტომობილის ძარაზე რამოდენიმე კაცმა და ჯართად ჩააბარეს. სახანძრო ნაწილი კი გატეხილი ზარის მაგივრად ეკლესიის მეორე ზარს დაეპატრონა. ეს ზარი კი სახანძრო ნაწილმა ბოლო ხანს უსახსოვრა თავიანთი სამმართველოს უფროსს სურმავას.

ეკლესიის მესამე ზარი ქალაქის მეორე საშუალო სკოლის შენობაზე ეკიდა.

1923 წლიდან ონის საჯანის კარის წმ. გიორგის ეკლესია სამხედრო კომისარიატს გადასცეს სამხდრო დანიშნულებისათვის. „შეღავათიანი ჯარი“ (რამოდენიმე თვიანი) იხდიდა სამხედრო სამსახურს და გადიოდა საბრძოლო მომზადებას. შემდგომ ამისა ეკლესია სპორტულ სავარჯიშო დარბაზად გადააკეთეს. დადგეს სავარჯიშო ღერძები, ტარდებოდა ვარჯიშები, ჭიდაობა, ხტომები. ესიც არ აკმარეს მოხატულ ტაძარს და საბოლოოდ საწყობად აქციეს და ფქვილიანი ტომრებით გაავსეს.

1935 წელს კი ეკლესია და მისი შემოგარენი მთლიანად აღგავეს პირისაგან მიწისა. ეკლესიის ადგილზე ფეხსალაგი დადგეს. მის ტერიტორიაზე (სასაფლაოს ადგილი) კი კინოთეატერი., ებრაელთა სახლები და სტალინის ძეგლი წამოჭიმეს.

1920 წელს აგვისტოს თვეში ეკლესია ინახულა ქართული კულტურის დიდმა ქომაგმა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც აღნუსხა ეკლესიის სიძველეები და გამოაქვეყნა თავის წიგნში – არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში. მან დააფიქსირა XIV-XV საუკუნეების ეტრატზე ნუსხა-ხუცურად ორ სვეტად ნაწერი ტყავგადაკრულ ყდაში ჩასმული გიორგი მთაწმინდელი რედაქციის სახარება, იმავე საუკუნის საგალობელი, 1758 წელს გადაწერილი „კურთხევანი“.

ექვთიმემ ასევე აღწერა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ვერცხლის ხატი, რომელზედაც მთავარანგელოზებთან ერთად გამოსახული იყო იესო ქრისტე. ხატზე შესრულებული ასომთავრული წარწერა გვამცნობდა: „ქ. წმდაო მთავარანგელოზო, მიქაელ და გაბრიელ, მეოხ ეყვენ სამთა ძმათა გარაყანის ძეთა მიქაელს, ფურთუხს და ივანეს და ძეთა მათთა ორთავე ცხოვრებასა წინაშე ქრისტესა“ და „ქ. წმიდანო მთავარანგელოზო მეოხ ეყვენით ორსა ძმათა სოსაგისძე ჯოღედიანსა და ვარდანს წინაშე ქრისტესა ორსავე ცხოვრებასა“.

ასევე XII-XIII საუკუნეების მოოქროვილი ვერცხლით მოჭედილი წმიდა გიორგის ხატი კვლავ ძმების მიქელ და ივანე გარაანიძეების მიერ შეწირული რაჭის სხვადასხვა ეკლესიებისათვის. (მკვლევარი თამაზ ბერაძე გვამცნობს „…აქედან ერთი ძმა ფურთუხი – იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებშიც გვხვდება , როგორც სიძე ბექშენ მანდატურთუხუცესისა ვარდანის ძისა“. ფურთუხის სიმამრს სულის საოხად მონასტრისათვის „ორი ათასი თეთრის წითელი გაუჩენია, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. გარაყანიძეები ერთ-ერთი ძლიერი ფეოდალური გვარეულობა იყო რაჭაში. 16 საუკუნეში ისინი საეკლესიო აზნაურამდე დაქვეითებულან და რაჭიდან ქართლში გადასულან). ხატზე გამოსახულია ფეხზე მდგომარე (უცხენოდ) წმიდა გიორგი სრული ტანით, შუბთა და ფარით. ქვემოთ ჩარჩოზე კი სევადითაა შესრულებული მხედრული წარწერა : „წმ. მარინე“, „წმ. ირინე“, „წმ. ბარბალე“. ხატები თავდაპირველად ქუთაისის ისტორიულ-ეტნოგრაფიულმა მუზეუმმა შეიფარა ამჟამად გდაცულია თბილისის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელობნების მუზეუმში.

ექვთიმე თაყაიშვილის 1920 წელს რაჭაში ექსედიციაში ახლდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ფოტოგრაფი მხატვარი თედო ქΩუნე, რომელმაც რაჭის სიძველეებთან ერთად ფოტოფირზე აღბეჭდა ონის ეკლესია და იქ დაცული სიძველეები. ცნობილი იყო რომ ნეგატივები დაცული იყო თბილისის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფოტოტეკაში. მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ მოხერხდა აღნიშნული ფოტონეგატივების მიკვლევა, როგორც ჩანს დაზიანდა და განადგურადა.

1926 წლის ივლისის მეორე ნახევარში ძეგლებისა და სიძველეების შესწავლის მიზნით რაჭაში იმოგზაურა მკვლევარმა გიორგი ბოჭორიძემ, მანაც მოინახულა ონის საჯანის კარის წმ. გიორგის ეკლესია და მისი სიძველეები, ზემოთ აღწერილი ხატები მეცნიერმა ქუთაისის მუზემში გადაიტანა, თავის ნაშრომში გიორგი ბოჭორიძემ ონის სიძველეებს ცალკე თავი დაუთმო. ისტორიკოსმა დააფიქსირა ეკლესიის  ჩრდილოეთით ეზოში  არსებული ერთი  მხედრულ წარწერიანი საფლავის ქვა, 157X49X24 სმ.

„ამა ლოდსა შინა
მდებაე ვარ აზნა-
ური ყარამან ქაი-
ხოსროს ძე ჯაფა-
რიძე ვეილი და და-
მცველი ვიყავ საწ-
ყალი კაცისა შობიდ-
ან 41-სა წლისა მიცვლი-
ლი [18] (9)4-სა იანვრის 12-სა
დღესა აღმომკით-
ხველნო ქთხომთ (SIC)
მომცეთ შენდობა.”

სახელოვანი მხატვრის უჩა ჯაფარიძის სახლმუზეუმში აღმოჩნდა  გადაღებული ფოტოგრაფ პანტელეიმონ ბაქრაძის მიერ 1900 წელს გადაღებული ფოტო. ფოტოზე მოსჩანს ონის საჯანის კარის წმ. გიორგის ეკლესია, სომხული ღმრთისმშობლის გრიგორანული ეკლესია და ებრაელთა სინაგოგა. უჩას ძმის შვილმა მხატვარმა ოთარ ჯაფარიძემ მოიძია ოჯახში დაცული ონის საჯანის კარის ეკლესიის ფოტონეგატივი. ( ფოტო გადაღებული უნდა იყოს გასული საუკუნის 30-იან წლებში, მაშინ როცა ტაძარს გუმბათი მოხსნეს, შენობა საწყობად გადააკეთეს, მიმდებარე ტერიტორია კი ბაზრად აქციეს).

ნანა (ნამსკუ) ჯაფარიძის მონათხრობით ეკლესის მოხატვის ინიციატორები და საფასის გამღებები ყოფილან  თერგდალელთა პლეადის წარმომადგენელი ქუთაისის ვიცე გუბერნატორი კონსტანტინე გოცირიძე და რაჭის თავადაზნაურთა წინამძღოლი დავით ჯაფარიძე. კონსტანტინე იყო დავითის ბიძა, დედის ძმა). მოხატულ ტაძარში იხსენებდნენ ქეთევან წამებულისა, და  ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების პორტრეტულ გამოსახულებებს.

ისტორიკოსიის მერაბ კეზევაძის წიგნიდან ჩანს რომ ონის ეკლესიაში უმოღვაწნიათ მღვდლებს:

1804-1842 წ.წ. ნანუკაშვილი გრიგოლ გიორგის ძე            (+ 30.06.1842)
1843-1851 წ.წ. ნანუკაშვილი იოსებ გრიგოლის ძე             (+27.12.1872)
1851-1854 წ.წ. მაქარაშვილი იოვანე დავითის ძე               (+10.11.1874)
1855-1905 წ.წ. გიორგობიანი ალექსი გრიგოლის ძე          (+20.03.1909)
1878 –                მეტრეველი პორფილ მხსიმეს ძე
1881-1883 წ.წ. ბენდიანიშვილი სოფრომ ნიკოლოზის ძე  (+13.03.1883)
1883-1885 წ.წ. გორდეზიანი პავლე ივანეს ძე                       (+15.04.1922)
1890-1905 წ.წ. მინდელი ნესტორ თედორეს ძე                    (+16.03. 1911)
1905-1915 წ.წ. გიორგობიაბი მათე ნიკოლოზის ძე              (+ 24.01.1940)

ონის საჯანის კარის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღუვლენიათ და საეკლესიო „მეტრიკულ“ წიგნებში ჩანაწერები გაუკეთეიათ მღვდლებს:

იოაკიმ გურგენიძეს, იოსებ გოგრიჭიანს, ნიკოლოზ გორდეზიანს, ოქროპირ დვალს, სიმონ გოგრიჭიანს.