12
05.06.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ წმენდაურში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
დაზიანებული სახლების მონიტორინგისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან ერთად, საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრამდე ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო თათბირი, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე და მათი პრობლემების მოგვარების მიზნით გასატარებელ ყველა საჭირო ღონისძიებებზე.
ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის დათვლის სამუშაოები, რის შემგდომაც შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.