23.07.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ესტუმრა კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბატონი ჩანგ დე-სუ.
ვიზიტის დასაწყისში საპატიო სტუმარმა პირისპირ შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ჩიკვაიძესთან. შეხვედრაზე მხარეთა შორის განხილულ იქნა ონის მუნიციპალიტეტში კორეული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები, კორეის დონორი ორგანიზაციების სამუშაო მიმართულებები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტისათვის და მის მცხოვრებთა კეთილდღეობისათვის.
დავით ჩიკვაიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეის ტექნოლოგიები და შესაძლებლობები მსოფლიო მასშტაბისაა, რომელთა ონის მუნიციპალიტეტში წარმოდგენა მნიშვნელოვნად წაადგება მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ აღმავლობას. ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კორეელ სტუმარს გააცნო ის პოტენციალი, რაც გააჩნია ონს და თხოვა ბატონ ჩანგ დე-სუს, რომ უშუამდგომლოს ჩვენს მუნიციპალიტეტს კორეულ კომპანიებთან.
შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ შესაბამისი შესაძლებლობისთანავე ონს სტუმრად ეწვევა კორეელ ჟურნალისტთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლებიც გადაიღებენ ვიდეოს ონისა და რაჭის ტურისტულ ადგილებზე, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს კორეელი ტურისტების სტუმრობას ჩვენს მუნიციპალიტეტში.
გარდა ამისა, ბატონი ჩანგ დე-სუს განცხადებით, კორეის რესპუბლიკის საელჩო მზად არის, ხელი შეუწყოს ონელი ახალგაზრდების გადამზადებას კორეულ სასწავლებლებში, რა მიზნითაც გამოიყოფა შესაბამისი სტიპენდიები. ამასთან, კორეული მხარე მზად არის განიხილოს ონის მუნიციპალიტეტის საგრანტო წინადადებები სხვადასხვა სფეროების დაფინანსების მიზნით.
აღნიშნულის შემდეგ, შეხვედრა გაგრძელდა საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან და მერიისა და საკრებულოს წარმომადგებლებთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებაზე. ბატონი ჩანგ დე-სუს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტი გახდება პრიორიტეტული მიმართულება კორეის რესპუბლიკის საელჩოსთვის.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასასრულს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ საპატიო სტუმარს საჩუქრად გადასცა სახელოსნო “ედენას” მიერ მომზადებული თექის ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია კორეის დიდი მეფის, მხედართმთავრისა და განმანათლებლის, კორეული ანბანის შემქმნელის, სეჯონგ დიდის პორტრეტი.
შეხვედრების შემდეგ, დავით ჩიკვაიძემ და ჩანგ დე-სუმ დაათვალიერეს ონის მუზეუმი და სინაგოგა. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კორეელ დიპლომატს დეტალურად გააცნეს მინერალური წყლის “სორტუანის” შემადგენლობა, სამკურნალო თვისებები და სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით მისი გამოყენების შესაძლებლობები.
ვიზიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.