14
09.09.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა სახალხო დღესასწაული “ონელობა- 2024”.
ქალაქმა ონმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი იყო არაერთი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარის მიმართულებით.
“ონელობა 2024“ – ის ოფიციალური ნაწილი ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სტუმრებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
მოეწყო ონის, ამბროლაურის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტების არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება.
სახალხო დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტს ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ვესელინ ვალკანოვი მოადგილესთან ერთად სტუმრობდა, ქალაქ ონში ასევე იმყოფებოდნენ დამეგობრებული პოლონეთის რესპუბლიკის და ისრაელის დელეგაციები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა-პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ-ქრისტინა კობახიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა დააჯილდოვეს 2024 წლის საპატიო ონელები. მუნიციპალიტეტის წინაშე გამოჩენილი არაერთი მხარდაჭერისთვის ტრადიციული ჯილდო გადაეცა:
ირაკლი ქარსელაძეს (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი)
თემურ მღებრიშვილს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი)
რომან ჯოხაძეს (საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაური)
ავთანდილ ჩალაძეს (საქართველოს დამსახურებული ინჟინერ – მშენებელი)
ავთანდილ (აბრამ) ქოსაშვილს – (ოპერის მომღერალი ისრაელში)
ნუგზარ მარკოიშვილს – (ვეტერანი კალათბურთელი სპორტის ოსტატი)
გივი ლობჯანიძეს – (იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. პოლიციის გენერალ-მაიორი)
გიორგი მეშვილდიშვილს და მირიან მაისურაძეს (ახალგაზრდა სპორტსმენები)
ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ონელები:
ლეილა ლობჯანიძე – პედაგოგი
ციცო ლაბაძე – პედაგოგი
ია ბურდილაძე – ექიმი
გელა ლობჯანიძე – ქორეოგრაფი
ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტებს საზეიმოდ გადაეცა დიპლომები.
სახალხო ზეიმი “ონელობა – 2024” გალა კონცერტით გაგრძელდა .
კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი “ თეატრალური კვარტეტი”, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე.
ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველად ღონისძიება მოკრძალებულად 2008 წელს ჩატარდა სახელწოდებით „ ონი და ონელები“. მას შემდეგ დღესასწაული ყოველწლიურად იხვეწება, მასშტაბურ სახეს იღებს. სახალხო დღესასწაულს სტუმრობენ ქალაქში წასული რაჭველები და უცხოელი სტუმრები. წელს ონის მუნიციპალიტეტმა მე-16 ონელობა აღნიშნა.