ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის განცხადება

26.03.2020წ.

ძვირფასო თანამოქალაქენო, თითოეული ჩვენგანი დღეს როგორც არასდროს ისეთი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ყოველწამიერ ბრძოლას ახალ კორონავირუსთან.

საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ბრძოლის ეპიცენტრში მყოფი სამედიცინო პერსონალი, ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ საათში გვაწვდიან განახლებულ ინფორმაციას.

ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე საქართველო გადასულია გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა გადაცემაზე, როდესაც რთულდება ვირუსის მატარებელი პირველწყაროს დადგენა, თუმცა ეს ყველაფერი არა პანიკის, არამედ მეტი მობილიზების, ყურადღების და პასუხისმგებლობის გრძნობის მომტანი უნდა იყოს ჩვენთვის.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს: საბედნიეროდ, ჩვენთან ვითარება უცვლელია, ამ დრომდე ონის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში რჩება სამი პიროვნება, რომლებიც ორ დღეში მშვიდობით დაასრულებენ აღნიშნულ რეჟიმს. დღემდე მუნიციპალიტეტში ვირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მერიის შესაბამისი სამსახურების, მერის წარმომადგენლების და საკრებულოს დეპუტატების, ასევე პოლიციის სრული ჩართულობით კონტროლდება მუნიციპალიტეტში შემოსული თითოეული მოქალაქე და ხდება რისკჯგუფების განსაზღვრა.

მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ასევე სადეზინფექციო სამუშაოები, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად,ეტაპობრივად მოხდება სადარბაზოების და სხვადასხვა ლოკაციების დამუშავება შესაბამისი სამსახურების მიერ.

საკვებ პროდუქტებზე ქვეყნის მასშტაბით არ ფიქსირდება დეფიციტი, შესაბამისად, ეს საკითხი პანიკის საფუძველი არ არის. გრძელდება სასურსათო მაღაზიებში პროდუქტის მარაგისა და ფასების კონტროლი.

გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად და სრული დატვირთვით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მუნიციპალიტეტის მერია შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას!

ჩვენც, ჩვენს სამედიცინო პერსონალთან ერთად, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ვირუსთან ბრძოლის საქმეში, ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით: გავითვალისწინოთ რეკომენდაციები.

დავრჩეთ სახლში!

დავიცვათ სოციალური დისტანცია!

გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას!

მე როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერს, მაქვს ჩემი თანამოქალაქეების გონიერების და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების იმედი.

ნებისმიერი კითხვის, ინფორმაციის დაზუსტების ან საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, მე და შესაბამისი გუნდი ვეცდებით მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა