7
19.08.2021წ.
ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგრანტო კონკურსის შეფასების კომისიამ რიგით II სხდომა გამართა.
შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში მოეწყო, იმ ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილ ბიზნეს გეგმებზე იმსჯელეს, რომლებიც პროექტის ექსპერტებმა შეისწავლეს და ზემოთ აღნიშნული პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასეს.
ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა – ნათია ღვინაშვილმა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტთან – შორენა კოჭლამაზაშვილთან ერთად, კომისიის წევრებს საველე მონიტორინგის შედეგებიც გააცნო.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბიზნეს გეგმების უმრავლესობას ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენს, რაც კონკურსის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
კომისიის წევრების განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების წახალისება, რომლებიც შიდა მიგრაციის შემცირებას, მუნიციპალიტეტებში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას, ასევე, ტურიზმის, აგროსექტორისა და სხვა მიმართულებების განვითარებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
თითოეული ბენეფიციარის ბიზნეს გეგმის განხილვა დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა შუალედური რეკომენდაციები და წინადადებები წარმოადგინეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, კომისია, თითოეულ განაცხადზე შეფასების აქტების შემუშავებითა და მათი შეჯერების შედეგად მიიღებს, რაც კომისიის სხდომის ოქმსა და დასკვნაში აისახება.
აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსი, რომელიც ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.