კოტე ანანიაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინა

12.02.2021წ.

კოტე ანანიაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, დეპუტატებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობას და დღის წესრიგში მდგარი საკითხების დროულ და ეფექტურ გადაწყვეტას.
‘’წარვადგინეთ ახალი გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთში. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ბატონ პაპუნას საკმაო გამოცდილება აქვს რეგიონში მუშაობის და დარწმუნებული ვარ, რომ კოორდინირებული მუშაობით, ეფექტურად გავართმევთ თავს ყველა იმ გამოწვევას, რაც რეგიონის წინაშე დგას. “ – განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.
როგორც რეგიონის ახალმა რწმუნებულმა აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელებს ყველა იმ დაგეგმილ პროექტს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„ეს რეგიონი ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. ვიცი სპეციფიკა, გამოწვევები და პრობლემები, რაც ამ რეგიონს აქვს და ჩემი გამოცდილება, ის გუნდი, რომელიც დამხვდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“ – აღნიშნა რწმუნებულმა.
პარმენ მარგველიძეს, 2013-2017 წლებში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა