ათეა-ს ინიციატივით, მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის თემატური ჯგუფი დაფუძნდა

by magda

10.07.2024წ.

ათეა-ს ინიციატივით, მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის თემატური ჯგუფი დაფუძნდა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეგიდით, მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის თემატური ჯგუფი დაფუძნდა, რომლის მიზანია მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტების გამოწვევებთან, პრობლემებთან, საჭიროებებთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიებისა და მრავალდონიანი დიალოგის წარმოება.
თემატური ჯგუფის პირველი სხდომა ონის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ქრისტინე კობახიძესთან ერთად გახსნა.
ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მაღალმთიანი დასახლებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და დაბლობის საცხოვრებელი არეალებისგან, შესაბამისად ათეა-ს ამოცანას წარმოადგენდა თემატური ჯგუფის შექმნა, რომელიც შესაბამის სამთავრობო უწყებებთან დიალოგზე და თითოეული მუნიციპალიტეტისთვის რელევანტური პრობლემების გადაწყვეტის ერთობლივი და ერთიანი გზების ძიების პრაქტიკის დამკვიდრებაზე იქნება ორიენტირებული.
სერგი ხიდეშელმა და ქრისტინე კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს აქტიურ ჩართულობას გაუსვეს ხაზი.
მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც დისკუსიის ფორმატს მოიცავდა, მესტიისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერები და ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებიდან წარმოდგენილი შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე ათეა-ს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
პირველი სესია მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ პრეზენტაციებს დაეთმო, რომლებიც მონაწილეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამმართველოების, კერძოდ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოსა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსებმა – ლელა. წოწორიამ და გვანცა გასვიანმა წარუდგინეს.
თემატური ჯგუფის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისათვის, ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობისა და ადაპტირების მექანიზმებს. აღნიშნული მიმართულებები მონაწილეებს სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა ბოსტაშვილმა და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გელაშვილმა გააცნეს.
​შეხვედრის დასასრულს სხდომის წევრები სამუშაო ჯგუფის მუშაობის პრინციპებზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content