2018 წელს რაჭაში, ონში ჩამოყალიბდა ა.(ა)ი.პ. ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული ცენტრი, რომლის ძირითად მიზანს რეგიონის კვლევა და ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს. ამ პერიოდის მანძილზე ტურისტული ცენტრის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა საბაზისო ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ასევე ფოტო-ვიდეო გადაღებები. რის საფუძველზეც გვსურს გაგაცნოთ ცენტრის მისია და მიზნები. ვეცდებით მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ რეგიონის შესახებ, თქვენთან ერთად დავგეგმოთ, ვიმოგზაუროთ და განვავითაროთ ეს ულამაზესი მხარე.
ონის მუნიციპალიტეტის მიმზიდველი ბუნება, კლიმატური პირობები, მთის სუფთა ჰაერი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების სიხშირე, კულტურული ძეგლების სიმრავლე, მინერალური წყლებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების სიუხვე ქმნის უნიკალურ პირობებს სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებისათვის. მხარეში არის უამრავი უძველესი და საინტერესო კულტურულ–ისტორიული ძეგლი, თითოეული უდიდეს ინტერესს იწვევს დამთვალიერებელთა მხრიდან. რაჭის მხარე მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებით, ტბებით, მდინარეებით, ბუნებრივი მღვიმეებით, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს წლის ნებისმიერ დროს. ყველა ეს პირობა კი საბოლოო ჯამში ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებისათვის.
აღსანიშნავია, რომ რაჭის რეგიონის ტურისტული პოტენციალის მცირე ნაწილია შესწავლილი და ათვისებული, ასევე არაა განვითარებული საჭირო ინფრასტრუქტურა, უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის ხარისხიანი დასვენების პირობების შესაქმნელად.
ადგილობრივი ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური და სოციალური წინსვლის საქმეში. მსოფლიოს ქვეყნებში განვითარებისა და განახლების მრავალი პროექტი ტურიზმის განვითარებას ეფუძნება. ამიტომ ტურიზმის დაგეგმვა საჭიროა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. რაც გულისხმობს ტურიზმის განვითარების პოლიტიკას, სტრუქტურულ დაგეგმვას, ტურისტული ობიექტებისა და მომსახურების სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ტურიზმის განვითარებისა და მართვისათვის.
მუნიციპალიტეტში კლიმატურ და ბალნეოლოგიურ კურორტებზე სამკურნალო-რეკრეაციული ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეკრეაციულ რესურსებზე მსჯელობისას, უწინარეს ყოვლისა ყურადღებას იქცევს ჰავა და კლიმატი, როგორც დასვენებისა და მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. რაჭის რეგიონის რელიეფის დიდი შესაძლებლობები არცთუ იშვიათად წლის გარკვეულ პერიოდში ქმნის ხელსაყრელ პირობებს ე.წ. „კომფორტული კლიმატის“ წარმოსაქმნელად. ამ მხრივ, რა თქმა უნდა საკურორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით აუცილებელია გაიზარდოს ინვესტორთა დაინტერესება, ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ფართოდ რეკლამირებითა და პოპულარიზაციით, როგორც ქვენის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
მნიშვნელოვანია, სოფლის ტურიზმის, აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტიმულირება. ამ მიმართულებით საჭიროა სოფლის მოსახლეობის ტრადიციული საცხოვრისის მომზადება ადგილობრივი თუ უცხოური დამსვენებლის მისაღებად, მათი მფლობელების დატრენინგება, მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და ადგილობრივი ღირშესანიშნაობების უკეთ წარდგენის მიზნით.
და ბოლოს, ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას და შესაბამისად, მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მთიანი რეგიონის სოფლის მცხოვრებლებს, როგორც წესი, აქვთ მცირე შემოსავლები და არ აქვთ ეკონომიკური პერსპექტივები, მაშინ, როდესაც შესაძლებელია ტურიზმი მათთვის სერიოზულ ალტერნატივად იქცეს. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს მნიშვნელოვან, თაობათა მიერ დაგროვილ პრაქტიკულ ცოდნებს საკუთარ რეგიონზე (კულტურა, ტრადიცია, ფლორა, ფაუნა), შესაბამისად, გარკვეული პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ ისინი შეიძლება გახდნენ წარმატებული გიდები და გამყოლები, აგრეთვე დაკავდნენ უშუალოდ ეკონომიკური საქმიანობთაც, რაც დაკავშირებულია სასტუმროების, რესტორნების ექსპლუატაციასა და სხვა ტურისტულ მომსახურებასთან. ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა და ჩართულობა კი თავისთავად გახდება ტურიზმის განვითარების საწინდარი.
137