ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების განხილვის მიზნით, ქ.თბილისში, ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და მერის მრჩეველი – თამარ ხომასურიძე ესწრებოდნენ.
ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით გაიმართა, ათეა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ტყემალაძემ, ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებელთან – ჰერალდ ბერგმანთან ერთად გახსნა.
მომხსენებლებმა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვეს ხაზი. ფორუმის მონაწილეებმა საბაზისო შეფასების დროს თავმოყრილი მონაცემების პრეზენტაციები მოისმინეს და ექსპერტებთან ერთად, პრიორიტეტებად მიჩნეული სფეროების შესახებ გამართულ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.
თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივი ინიციატივების შესახებ საგრანტო კონკურსის თაობაზეც მიეწოდათ ინფორმაცია, რის შემდეგაც, ფორუმის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, დეკლარაციის სახით, შეხედულებებისა და ფაქტების შეჯერებული განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხებზე მმართველობის ყველა დონესთან თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მიმართულებით მზადყოფნა გამოხატეს. ამავე დოკუმენტით, მუნიციპალიტეტებმა ათეასაც მიმართეს, რომლის თანახმადაც, ასოციაცია, როგორც თვითმმართველობების ქოლგა ორგანიზაცია, საკუთარი წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესებს დაიცავს და იქნება მათი ქმედითი წარმომადგენელი, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
„ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმი“ მიმდინარე წლის დასაწყისში, ათეა-ს წევრი 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის პირველი პირების ჩართულობით ჩამოყალიბდა. სწორედ აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში შემუშავდა საბაზისო შეფასების დოკუმენტიც, რომელიც დღეს, ადგილობრივმა და საერთაშორისო კონსულტანტებმა, პრეზენტაციის სახით წარუდგინეს აუდიტორიას.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“-ს ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ.წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.