ონის შესახებ

ონი რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიითა და მრავალფეროვანი, ლამაზი ბუნებით გამოირჩევა. წერილობით წყაროებში ონი პირველად XV-XVI საუკუნეებში იხსენიება. მეცნიერთა ვარაუდით იგი იბერიის მეფე ფარნაჯომმა დაარსა ძვ. წ. II საუკუნეში. ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის  ცულები და კოლხური თეთრის განძი, რომელიც ძვ. წ. VI-III საუკუნეებითაა დათარიღებული. შუა საუკუნეებში დიდი იყო ქალაქი ონის ეკონომიკური მნიშვნელობა, აქ იყრიდა თავს ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. რაიონში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში მრავლად გვხვდება შუა საუკუნეების ძეგლები, ციხესიმაგრეები და საინტერესო ტაძრები. მისი ბუნება კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ნებისმიერ ხეტიალისა და მთაში დასვენების მოყვარულ ადამიანზე. უზარმაზარი, დათოვლილი მთებით, ალესილი კლდოვანებით, გრილი ტყეებითა და ხეობებით, ყვავილებით დაფარული მინდვრებითა და ცის კიდეს მიბჯენილი ალპური ტბებით, შეუძლებელია ეს რაიონი არ შეგიყვარდეთ. ცნობილი და პოპულარულია ონის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტები, სადაც მთის სუფთა ჰაერით, სიგრილითა და საოცარი ხედებით ტკბობასა და კომფორტულ დასვენებას შეძლებთ. ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერდა ონს: „ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამჴრით არს ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არს მშუენი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. არამედ აგრილებს მდინარე რიონი“.

რა ვნახოთ

ონის რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით. აქ სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები გვხვდება, ნახავთ წინარექრიატიანულ, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, მეგალითური ციხის ნაშთებსაც და შუასაუკუნების ეკლესიებსაც. განსაკუთრებით ცნობილია XI საუკუნის, უნიკალური ბარელიეფებით მორთული მრავალძალი. სოფელ კვაშხიეთში მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, იგი აღსანიშნავი ზეგლია, რადგან დასავლეთ საქართველოში ციკლოპური ნაციხარ-ნამოსახლარების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე საინტერესო ძეგლებია XIX საუკუნეში აგებული ონის სინაგოგა, რომელიც ამჟამად უმოქმედოა და შუა საუკუნეების გალავანი. ონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ქვის ხანიდან გვიანფეოდალურ ხანამდე პერიოდის არქეოლოგიური მასალა. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ისფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები და სხვა. ექსპონატთა უმრავლესობა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. ონი ბუნების მხრივაც გამორჩეული რაიონია. აქ შეგიძლიათ, როგორც შესანიშნავი გარემოს მქონე კურორტებზე კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენება, ასევე თავგადასავლებით და მოულოდნელი შთაბეჭდილებებით სავსე ლაშქრობების მოწყობა. უამრავ მთის მოყვარულს იზიდავს აქაური ალპური მდლოები, გრანდიოზული მთები და ლურჯად მოკამკამე უძირო ტბიდან დანახული კავკასიონის მწვერვალები. აქ მრავალი საინტერესო ბილიკია მყინვარებსა და ტბებზე ხეტიალისთვის.

ბუნება

კულტურული ძეგლები

  • მრავალძალი
  • ონის ციხე
  • გონის მთავარანგელოზის ეკლესია
  • სხიერის მონასტერი, “მირიანული უძრავი წმინდა გიორგი”
  • ჯოისუბნის „მცხეთის წმ. გიორგი“
  • ბრილის ნამოსახლარი და ეკლესია

კურორტები

ონის უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაზე მიუთითებს  ბრილის სამაროვანი.

ბრილი — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი რაჭაში (ონის მუნიციპალიტეტი), რიონის ხეობაში, სოფლების ჩრდილოეთით 11 კმ-ზე. შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939-1961 წლებში არქეოლოგიურმა გათხრებმა (მიმდინარეობდა ხანგამოშვებით, ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი) გამოავლინა ნამოსახლარები და სამაროვნები. მეტალურგიის წარმოების ნაშთები შუა ბრინჯაოს ხანიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.).

ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.) კიდურებმოკვეცილი თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. ძვ. წ. XIV—ძვ. წ. XIII საუკუნეებში არსებობდა აგრეთვე, კოლექტიური აკლდამები, ხოლო ძვ. წ. XIV- ძვ. წ. V საუკუნეებში — საკრემაციო მოედნები. ძვ. წ. XVIII-XIV საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალნაირი საკინძი, ოვალური სასაფეთქლები, დუგმისებური კავები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვა. აღსანიშნავია ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიყებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვა. ძვ. წ. XIII—ძვ. წ. VIII საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის ქანდაკებები, ძაღლის ქანდაკება და გველის გამოსახულებანი. ვრილის მოსახლეობა ცხოვრობდა ქვის შენობებში. მისდევდა მესაქონლეობას, სპილენძის მოპოვება-დამუშავებას. მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა ახალნდელი დიგორის, ზზემო იმერეთის, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ზოლის და თრიალეთის მოსახლეობასთან.

ძვ. წ. VIII-ძV. VII საუკუნეებში იარაღი (ცულები, მახვილები, დანები, ლაგმები) უმთავრესად რკინისაგან მზადდებოდა, ხოლო სამკაული, ჭურჭელი, ცხენის აკაზმულობის ნაწილები და მხატვრული ნაწარმი — ბრინჯაოსაგან.

ანტიკური ხანის სამარხებში (ძვ. წ. VI—ახ. წ. IV სს.) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები, ბერძნული მახაირას ტიპის რკინის მახვილები, სატევრები, აკინაკები, სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისპირები. ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩნდა ფერადი მინის არიბალოსი და სურნელოვანი სითხით სავსე ამფორისკი. აგრეთვე ბერძნული შავლაქიანი სკიფოსის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, ბრილის მოსახლეობის კავშირს ანტიკურ სამყაროსთან. ძვ. წ. დასასრულს ვრცელდება ქართული ოქროს მონეტები, რაც სასაქონლო-ფულადი ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს. ონის რაიონის, სოფელ ღების ჩრდილოეთით 11 კმ-ში, მდინარე რიონის ხეობაში მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი – ბრილი მდებარეობს. აქ შემორჩენილია შუასაუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939-1961 წლებში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად (გ.გობეჯიშვილი) ძვ.წ. XVIII – ქ.შ. IV საუკუნეების ნამოსახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები გამოვლინდა. ძვ.წ. XVIII-XIV საუკუნეების ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალგვარი საკინძი, ოვალური სასაფეთქლეები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვ. აგრეთვე, ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვ. ძვ.წ. XIII-VIII საუკუნეების სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის, ძაღლისა და გველის ქანდაკებები. ანტიკური ეპოქის სამარხებში (ძვ.წ. VI – ა.წ. IV საუკუნეები) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები და სხვ.