დაგვიკავშირდით: (+995) 599075095 | algach90@gmail.com

უწერა

უწერა — სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის ნაპირებზე. თემის ცენტრი (სოფლები: უწერა, ნაკიეთი, ნიგავზები, ფარავნეში, ღარი). ზღვის დონიდან 1050 მ, ონიდან 10 კმ.

ფეოდალურ ხანაში უწერა შედიოდა რაჭის ანუ რაჭა-თაკვერის საერისთაოში. 1687 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდრე IV-მ რაჭაში ლაშქრობის დროს გადაწვა უწერა.

სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიის (ვახუშტი ბაგრატიონი მას „სიონად“ მოიხსენიებს) ნანგრევები, გრანიტის ქვით ნაგები წმ. გიორგის სახელობის მომცრო დარბაზული ეკლესია, რომლის ორი კედელი მოგვიანებით რიყის ქვით არის აღდგენილი. სოფლის მახლობლად ფეოდალური ხანის ციხისა და 3 ეკლესიის ნანგრევებია.

ვახუშტი ბაგრატიონი უწერის შესახებ წერს:
„არს დაბა უწერა, რიონის ორსავე კიდესა ზედა. აქა, რიონის ჩდილოთ, არს ეკლესია სიონი, დიდი. ამ ეკლესიის კამარასა შინა მკიდარებს თმა ერთი ნაწნავი, და იტყჳან თამარ მეფისასა. აქავ არს მიწა, რომელსა უწოდებენ სასუნებლად, რომელი დავსწერეთ ქართლსაც, არამედ ესე უმეტეს ძალიანი, რამეთუ გარდაფრენილი ფრინველი მას ზედა ჩამოვარდების სუნისაგან. არს ესე ონსაცა, გარნა ესევე უმჯობესი.“

უწერა საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5°C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა“, სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი – მაის-ოქტომბერი.